სნო
მუხრანის ველი


მუხრანის ველის შესწავლის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და ექვს ძირითად ეტაპს მოიცავს. პირველად მუხრანის ველით სპეციალისტები 1895 წელს დაინტერესდნენ და მას თბილისის წყალმომარაგების ყველაზე პერსპექტიულ საბადოდ განიხილავდნენ. სწორედ იმ დროს თბილისის თვითმმართველობამ საქართველოში ინგლისელი ინჟინერი ლინდ დეი მოიწვია რათა მოეხდინა ავჭალის წყალსადენის რეკონსტრუქცია და ახალი, უხვი წყაროებიც მოეძიებინა. ლინდ დეის ყურადღება მუხრანის ველის მიწისქვეშა წყლებმა მიიქცია და ინგლისელმა ინჟინერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ წიაღისეული წყლები ამ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით უნდა ყოფილიყო.

ამის შემდეგ კვლევა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდა და მუხრანის ველის წყლებს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მეცნიერები სწავლობდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ ეტაპზე მეცნიერებმა მუხრანის ველის წყაროების რეჟიმი შეისწავლეს და დაადგინეს ამ წყაროების რეჟიმების ურთიერთკავშირი ატმოსფერულ ნალექებსა და მდინარეების - არაგვისა და ქსნის დონეებს შორის. თუმცა, საბოლოო შედეგამდე კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო.  


მუხრანის ველზე აგეგმვითი და ბურღვითი სამუშაოები გაიშალა, დაპროექტდა და მწყობრში ჩადგა საინფილტრაციო მოედნები. ქართველმა მეცნიერებმა ილამაზ მიწიშვილის ხელმძღვანელობით მუხრანის ველზე სპეციალიზებული ჰიდროგეოლოგიური და თემატური სამუშაოები შეასრულეს.

ბოლო ანუ მეექვსე ეტაპს მუხრანის ველის შესწავლის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორედ ამ ეტაპზე განხორციელდა ყველაზე ფართო მასშტაბის ჰიდრომელიორაციული სამუშაოები. მეცნიერმა ლევან ხარატიშვილმა კოლეგების მიერ სხვადასხვა დროს დაწყებული კვლევა დაამთავრა და მუხრანის არტეზიული აუზის როგორც ჰიდროლოგიური პირობები, ასევე გეოლოგიურ-სტრუქტურული აგებულება დააზუსტა.

მიუხედავად იმისა, რომ მუხრანის ველის მიმართ ინტერესი საუკუნეზე მეტია არ განელებულა, წლების განმავლობაში დაგროვილი შრომების, სამუშაოების და მონაცემების დაჯამება მხოლოდ 2004 წელს მოხდა. დღეს კი მუხრანის ველის წიაღისეული სიმდიდრე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააგემოვნოს.